ბუდის გაფართოება


გაითვალისწინეთ, რომ ბუდის დროული გაფართოება ფუტკრის ოჯახის გაძლიერების საწინდარია და ამავდოულად ამცირებს ნაყრიანობის შესაძლებლობას.
ფუტკრის ოჯახის ბუდის გაფართოება დაიწყეთ გაზაფხულზე, როცა ბუდეში ჩადგმული უკანასკნელი ჩარჩოს წინ ბარტყს შენიშნავთ. ბუდის გაფართოება თანდათან მოახდინეთ, რადგან თბილი ამინდების დროს ფუტკარი ბუდეში გაიშლება და დედას საშუალება ეძლევა განაპირა ჩარჩოზე ჩაკვერცხოს, მაგრამ ამინდის მკვეთრი გაუარესების გამო, რომელიც გაზაფხულზე ყოველთვის არის მოსალოდნელი ფუტკარი კვლავ კრავს გუნდს და განაპირა ჩარჩოზე არსებული ბარტყი დაუთბუნებელი რჩება, რის გამოც სიცივისაგან იღუპება.
ბუდის გაფართოება გვიანდება, როდესაც ფიჭაზე ცარიელი უჯრედები აღარ მოიძებნება, ეს იწვევს დედის კვერცხმდებლობის შემცირებასა და შეწყვეტას, რის გამოც ფუტკრის ოჯახის განვითარება ფერხდება და ოჯახს ექმნება სანაყრე განწყობილება. ამიტომ რეკომენდირებულია რომ ყოველი 7-10 დღის შემდეგ გახსნათ სკა და დაათვალიეროთ ჩარჩოები. იმ შემთხვევაში თუ ფუტკარი უკანასკნელ ფიჭაზე მჭიდროდ ზის და შიგნითა მხარეზე აღინიშნება ნაკვერცხი, ამ შემთხვევაში საჭიროა გააფართოვოთ ბუდე, რისთვისაც გამოიყენეთ მოყვითალო-მოყავისფრო აშენებული ფიჭები და მიადგით უკანასკნელ ბარტყიან ჩარჩოს. ადრე გაზაფხულზე ნათელი ფიჭის ჩადგმა, რომელშიაც ბარტყი არ გამოზრდილა, არ არის რეკომენდებული, რადგან მასში დედა ფუტკარი უხალისოდ დებს კვერცხს. ამასთან ერთად, ნათელი ფიჭები აციებს ბუდეს. ასევე არ არის რეკომენდირებული სამამლე უჯრედებიანი ფიჭებით ბიუდის გაფართოება, რადგან დედა გაზაფხულზე სამამლე კვერცხის დების მიდრეკილებას იჩენს. ფუტკარი ხშირად ახდენს სამუშე უჯრედების სამამალედ გადაკეთებას, რათა დააკმაოფილოს ოჯახის ბიოლოგიური მოთხოვნა. ამის თავიდან ასაცილებლად გაზაფხულისთვის ოჯახზე უნდა იქონიოთ თითო სამამლე უჯრედებიანი ფიჭა.
თუ ფუტკარი 7-8 და ბარტყი 6 ჩარჩოზეა, გასაფართოვებლად შეგიძლიათ ბუდის ორივე მხარეს თითო აშენებული ფიჭა ჩადგათ, თუ 5 ჩარჩო ბარტყი და 6 ჩარჩო ფუტკარია, მაშინ მიეცით 2 ფიჭა. კარგი იქნება, თუ ჩასადგმელ აშენებულ ფიჭებში მცირე რაოდენობით მაინც იქნება გადაბეჭდილი თაფლი. ბუდეში ჩადგმის წინ გადაუხსენით მას სახურავები და დაასხით მასზე თბილი წყალი, იგი ხელს შეუწყობს მასზე ფუტკრების დედის გადმოსვლას.
ბუდის გაფართოება გააგრძელეთ მანამ სანამ პირველი კორპუსი ფუტკრებით არ შეივსება, შემდგომში მუშაობა გააგრძელეთ მეორე კორპუსსში. თბილი ამინდების დადგომისთანავე ოჯახებს ერთდროულად შეგიძლიათ მისცეთ 3-4 ფიჭა და შეგიძლიათ იგი ბუდის ცენტრში ჩადოთ, ხოლო როცა შეამჩნევთ ე.წ გათეთრებას, ბუდის გაფართოება შეგიძლიათ ასაშენებელი ხელოვნური ფიჭიანი ჩარჩოების ჩადგმით.