ფუტკართან მუშაობის წესები


ბუდის დათვალიერების დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ ფუტკრის ნიშან-თვისებები, სეზონურობა, ამინდის პირობები და ღალიანობის ხარისხი. ოჯახის დათვალიერების დროს ფუტკარი რაც შეიძლება ნაკლებად უნდა გააღიზიანოთ.
ბუდე დაათვალიერეთ წყნარ ამინდში,ჩრდილში არანაკლებ 150C დროს.ღრუბლიან ამინდში არ გასინჯოთ ფუტკარი. სამუშაოები უნდა დაამთავროთ მზის ჩასვლამდე, რადგან სიბნელეში ფუტკრები ვერ ფრენენ და ცოცავენ ხელებზე, ხალათზე, ძვრებიამ ტანსაცმლის შიგნით, ინესტრებიან და იხოცებიან.
გაზაფხულზე ფუტკარი დაათვალიერეთ დღის თბილ მონაკვეთში, ზაფხულის ბოლოს კი, როცა ღალიანობა შეწყვეტილია, დილის საათებში ან დღის ბოლოს, აგრილებისას. მოერიდეთ ფუტკრის გასინჯვას პაპანაქება სიცხეში, ძლიერი ქარის და წვიმის დროს. ოჯახის ხილვისას ბარტყიანი ჩარჩოები პირდაპირ მზის მიმართულებით არ დაიჭიროთ, რადგან მასზე მსხდომ ფუტკარს და ბარტყს აშრობს, წვიმის წვეთის მოხვედრისას კი ბარტყი იღუპება.
ფუტკრის ოჯახის სრული დათვალიერება ჩაატარეთ იმ შემთხვევაში, როცა გინდათ მასში ფუტკრისა და ბარტყის რაოდენობის, საკვები მარაგის და ხარისხის განსაზღვრა, ფიჭების ვარგისიანობის დადგენა და სხვა.
ოჯახის სრული დათვალიერება აუცილებელია, გაზაფხულზე ბუდის გაფართოების მიზნით, ან შემოდგომის დასაწყისში ბუდის შესავიწროვებლად, გაზაფხულსა და ზაფხულის ბოლოს საკვები მარაგის განსასაზღვრავად და მისი ნაკლებობის აღმოჩენის შემთხვევაში მდგომარეობის დროულად გამოსასწორებლად. აცივებისას თავი შევიკავეთ ოჯახის გასინჯვაზე. თუ გადაუდებელი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ ცივი ამინდია, ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით ოჯახი დაათვალიერეთ ბუდის ზევიდან სიფრთხილით, საფარი ტილოს გადაწევით, გუნდის დაურღვევლად.
მთავარი ღალიანობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ოჯახის დაწვრილებითი დათვალიერება, რადგანაც ამით ფუტკრის ფრენას ხელს უშლით და თუ მაინც აუცილებელია ხილვა. ისინი უნდა გავსინჯოთ დღის ბოლოს.
ფუტკართან მუშაობისას ჩაიცვით სუფთა ტანსაცმელი (სასურველია სპეციალური კომბინიზონი), არ უნდა აგდიოდეთ მძაფრი სუნი არ გააღიზინოთ ფუტკარი საფრენის წინ სწრაფი მოძრაობით, არ დაუშვათ სკაზე და საკუჭნაოზე ძლიერი დარტყმები, სახურავის ხმაურით მოხსნა, არ ჩაიცვათ ხაოიანი, მუქი ფერის ტანსაცმელი.
ფუტკრის ოჯახის დათვალიერებისას გამოიყენეთ ბოლი, საბოლებელი ყოველთვის ვერტიკალურად დაიჭირეთ. პერიოდულად იგი დადგით გვერდით მდგომარეობაში. მუშაობის პერიოდში საბოლებლის ხელახლა ანთება რამოდენიმეჯერ დაგჭირდებათ, რისთვისაც ცხელი მასა გამოყარეთ და ხელახლა შეავსეთ იგი ახალი მხრჩოლავი მასალით.
გასინჯვის დროს გამიყენეთ სათადარიგო ტილო, რომელსაც გასინჯულ ჩარჩოებზე გადააფარებთ, რათა სინათლის სხივებით ფუტკრის ზედმეტი გაღიზიანება არ გამოიწვიოთ, ბუდის გასინჯულ ნაწილზე კი ტილოს გადააჩოჩებით ბოლოს მოაცილებთ მას და ისევ თავის საფარ ტილოს დაააფარებთ. ოჯახის შესამოწმებლად ჩარჩოებთან მუშაობა რომ გაგიადვილდეთ, ჩარჩოთა შორის უნდა შექმნათ 3-4 სმ. სიგანის სივრცე, რისთვისაც საჭიროა ამოაცალოთ გვერდითი დათბუნება, გამოწიოთ ტიხარი, შემდეგ ტიხრის შიგნით მოთავსებული ჩარჩო ამოიღოთ. ასეთნაირად შექმნით ჩარჩოთა შორის სივრცეს. თუ სკა მთლიანად დაკავებულია ჩარჩოებით, ერთი ბოლო მათგანი ამოიღეთ და დროებით მოათავსეთ ჩარჩოების გადასატან ყუთში, დათვალიერების შემდეგ კი, ამოღებული ჩარჩო თავის ადგილზე დააბრუნეთ.
იმ შემთხვევაში თუ დედის მოძებნა გინდათ, საბოლებელით ნაკლებად უნდა დაუბოლოთ, რათა ფუტკარი არ შეაწუხოთ. დედის მოძებნა ხანდახან გაძნელებულია და ამიტომ ყველა ჩარჩოს შემოწმება არ არის საჭირო. თუ სკა დიდხანს გაქვთ გახსნილი და 2-3-ჯერადი დათვალიერებით დედა ვერ ვნახეთ (ხშირად გვემალება) მისი ძებნა უნდა შეწყვიტოთ და გასინჯოთ 2-3 სთ-ის შემდეგ ან მეორე დღეს. თუ დედის ამოყვანა გინდათ, სიფრთხილით მოკიდეთ დედას არა მუცელზე, არამედ მკერდზე უკანა მხრიდან ორ ფრთაზე ერთდროულად და ცერა და საჩვენებელ თითებშორის მოქცეული ჩასვით გალიაში ან მოათავსეთ ხუფის ქვეშ.
ძნელია გაუნაყოფიერებელი დედების პოვნა, ისინი სინათლეს ერიდებიან და სწრაფად მოძრაობენ, ამიტომ მათი დათვალიერება შეიძლება ბოლის გამოყენების გარეშე დილით ადრე და საღამოს საათებში, რადგან ამ პერიოდში დედა სკაშია და არ გადის გასანაყოფიერებლად.
თუ ოჯახის დათვალიერების დროს დედა გაფრინდა, მუშაობა უნდა შეწყვიტოთ, სკა დატოვოთ ღიად და იქაურობას მოცილდეთ, რამდენიმე წუთში დედა მობრუნდება და დაუბრუნდება თავის ოჯახს. ოჯახი კი დედის არსებობაზე გასინჯეთ მეორე დღეს.
თუ ბუდიდან გინდათ ამოიღოთ ჩარჩოები მასზე მსხდომი ფუტკარი ჩაბერტყეთ ტიხარსა და ბოლო ჩარჩოს შორის არსებულ სივრცეში, ამისათვის ამოსაღებ ჩარჩოს მოკიდეთ ორივე ხელით ზედა თამასის კიდეებზე, ჩაწიეთ იგი სკის შუა გულამდე და ფუტკრის მოსაცილებლად რამოდენიმეჯერ მკვეთრი და მოკლე მოძრაობით ჩაბერტყეთ. დარჩენილ ჩარჩოზე მჯდომი ფუტკრებს კი ნაზი ჯაგრისით ჩამოწმინდეთ. სადედეებიან ფიჭაზე მჯდომი ფუტკრის ბერტყვა არ შეიძლება, რადგანაც შეიძლება დაზიანდეს სადედეებში მყოფი ჭია და ჭუპრი. ამიტომ ასეთ ჩარჩოებზე მსხდომი ფუტკარიც ნაზი ჯაგრისით ჩამოწმინდეთ.
უღალო პერიოდში ფუტკრის ურთიერთ თავდასხმის (ქურდობის) თავიდან ასაცილებლად ფრთხილად გასიჯეთ ოჯახი. ქურდი ფუტკრების გამოცნობა ადვილია, ისინი სკაზე არსებული ნაპრალებიდან ცდილობენ სკაში შეღწევას, ტრიალებენ ყოველი მხრიდან სკის კედლების გარშემო და ურთიერთ თავდასხმის ინსტიქტს გადასცემენ მთელ საფუტკრეს. იწყება ბრძოლა დარაჯ ფუტკრებსა და დაუპატიჟებელ სტუმრებს შორის. მისაფრენ ფიცარზე და სკის წინ ნახავთ მიმობნეულ მკვდარ ფუტკრებს. სკაში შეღწეული ფუტკრები საკვებით დატვირთულნი გამოფრინდებიან დამძიმებულები, ძალის მოსაკრებად სკის წინა კედელზე აცოცდებიან, შედეგ კი აფრინდებიან. ძლიერი ოჯახები ქურდებს მოერევიან, სუსტები კი დაზარალდებიან და შეიძლება მთლიანად განადგურდნენ. ძირითადად იქურდებიან უდედო და სუსტი ოჯახები. გაქურდული სკის ძირზე ნახავთ თაფლის მოპარვის დროს გადაბეჭდილი თაფლიანი უჯრედების სახურავების უდიერი გამოღრღნის გამო ცვილის ნამცეცებს და ხშირად მასში ამოგანგლულ მკვდარ ფუტკრებს.
გახსოვდეთ, რომ ქურდობასთან ბრძოლა ძნელია, ამიტომ მეფუტკრემ განსაკუთრებით უღალო პერიოდში ფრთხილად უნდა იმუშაოს, დაუშვებელია სკის გარეთა კედელზე და მისაფრენ ფიცარზე ქურდი ფუტკრის მიჭყლეტა, საფუტკრეში ან სკაზე თაფლის ან სიროფის წვეთების დაქცევა.
უღალობის პერიოდში ფუტკარი უნდა გასინჯოთ საღამოს, ფუტკრის ფრენის შემცირების შემდეგ, დაბინდებამდე, ოჯახებს საფრენები დაუპატარაოთ, სკაზე ნაპრალები ამოქოლოთ.
გაქურდულ ოჯახებს საფრენები ძალიან დაუპატარავეთ ისე, რომ დარჩენილ ხვრელში ერთი ან ორი ფუტკარი გაძვრეს. თუ არ შეჩერდა ქურდობა, საფრენი მთლიანად დაკეტეთ და სკა შეიტანეთ ბნელ და გრილ ოთახში. მის ადგილზე კი სასურველია დადგათ იმავე ფერით შეღებილი ცარიელი სკა, რომელშიც ჩადგამთ წყლით სავსე ორ-სამ აშენებულ ბუდის ჩარჩოს. ქურდი ფუტკრები მიეტანებიან გასაქურდად შერჩეულ სკას, იქ დახვდებათ რა მათთვის არასაინტერესო საკვები, მოცილდებიან და ქურდობაც ჩაქრება. ორი დღის შემდეგ კი სარდაფში ან გრილ ოთახში შეტანილ სკა შეგიძლიათ ისევ ძველ ადგილზე დადგათ.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ ქურდობა მთელ საფუტკრეში გავრცელდა, მიზანშეწონილია სასწრაფოდ ფუტკრის ოჯახების გადატანა არანაკლებ 5-7 კილომეტრის მანძილზე, სადაც სასურველია იყოს მცირე ღალიანობა, ხოლო მათი უკან დაბრუნება უნდა მოხდეს არანაკლებ ორი კვირის შემდეგ.